თქვენ იმყოფებით მთავარი » About Georgia » აღმოაჩინე საქართველო

აღმოაჩინე საქართველო

print
email
აღმოაჩინე საქართველო
აღმოაჩინე საქართველო

დედაქალაქი : თბილისი

სახელმწიფო ენა : ქართული

ვალუტა:  Sign of Georgian Lari (5).png ლარი

ქვეყნის კოდი : GE

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა და თვალწარმტაცი ქვეყანაა, უძველესი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით. მისი ისტორია 2500 წელზე მეტს ითვლის.

საქართველოს ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტერიტორია 69 700 კვ.  კილომეტრია.  მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს.

საქართველო უხსოვარი დროიდან აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. ამან განაპირობა მისი კულტურის მრავალფეროვნება და ნაირსახეობა. ქართული დამწერლობა უძველესია და საუკუნეებს ითვლის, ის ერთერთია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის.

ამ ქვეყანაში მოგზაურობისას თქვენ აუცილებლად უნდა მოისმინოთ ქართული ნაციონალური სიმღერა, რომელიც გამორჩეულია თავისი პოლიფონიურობით. გალაქტიონ ტაბიძე წერდა: „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“. უნდა ისიამოვნოთ ნაციონალური ცეკვებით. ქართული ცეკვა მრავალფეროვანია, ყოველ კუთხეს გააჩნია თავის ტრადიციებზე და ადათ წესებზე დაფუძნებული ქორეოგრაფია.

ფასდაუდებელია ქართული ხუროთმოძღვრება. მრავალსაუკუნოვანი ეკლესია მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სადაც სანთლის შუქზე იქმნებოდა გენიალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები.

საქართველოს შეუძლია იამაყოს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებით. გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აგებულია მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ. აქ შემონახულია ხელნაწერთა და ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. მონასტერში ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილი იყო.

საქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ, აქ უძველესი დროიდან გამოყავდათ სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. დღეისათვის, ღვინოს ამზადებენ, როგორც თანამედროვე სტანდარტებით და ტექნიკით, ასევე ძველი მამა-პაპური ტრადიციების ნიადაგზე. ღვინის წარმოების მიხედვით, განსაკუთრებით ცნობილია კახეთის რეგიონი. აქ წარმოდგენილია ბევრი ქარხანა, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან უმასპინძლონ სტუმრებს. ქართული ღვინო კარგადაა ცნობილი საზღვარგარეთ: ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი, თელიანი და სხვა მრავალი.

ისტორიამ შემოგვინახა ლეგენდები და ფაქტები, რომ საქართველო იყო არგონავტების, მარკო პოლოს, ბევრი ცნობილი მოგზაურის  მასპინძელი ქვეყანა. საუკუნეების მანძილზე  მის ტერიტორიაზე გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა.

საქართველო მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეგიძლიათ დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე. გაზაფხულზე და ზაფხულზე ქვეყანა იწვევს კულტურული ტურიზმის მოყვარულებს. ასევე მოთხოვნადია ისეთი ტურიზმის სახეობები როგორიცაა: ჯომარდობა, პარაგლაიდინგი, ჯირითი, ველო ტური, ჯიპ ტური.

რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ღვინის ტურები. შესაძლებელია  მონაწილეობის მიღება რთველში და შემდეგ ღვინის დამზადებაში.

საქართველო ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეყანა, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის და დასვენების არჩევა. ეს ქვეყანა გპირდებათ დაუვიწყარ ემოციებს.

Copyright © Booking24.ge 2015 - ყველა უფლება დაცულია.